თეგი: შვედეთის ელჩი

ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ულრიკ თიდესტრომის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი უკვე გადაეცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ხოლო მეორე ნაწილი ევროკავშირს უახლოეს მომავალში გადაეცემა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, ამ პროცესში კი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების სიხშირე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს.  

ილია დარჩიაშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გულითადი მილოცვა გადასცა ელჩს ეროვნულ დღესთან - 6 ივნისთან დაკავშირებით და მეგობარ შვედ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „მხარეები მიესალმნენ ურთიერთნდობასა და საერთო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ახლო და მეგობრულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი, რომელიც მიმდინარე წელს სრულდება და გამოხატეს მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისა საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საერთო ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა მეტად მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფის საჭიროებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა შვედეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყნის, მრავალწლიანი თანადგომა საქართველოსადმი ევროპული რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, შვედური მხარის ფართო ჩართულობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. შვედეთის ელჩმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის უპირობო თანადგომის გაგრძელება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისადმი”,- აღნიშნავენ უწყებაში.